სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით აქ მდებარეობს სათაფლიის მღვიმე, ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოიყენება ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს. მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა მღვიმეში გვხვდება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტაბილიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასყურას მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს. სათაფლიის ნაკრძალის ტერიტორიაზე უკანასკნელ ხანებში აღმოჩენილი და შესწავლილია სამი შედარებით მცირე სიდიდის მღვიმე. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

No comments:

Post a Comment