ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია: 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი და უამრავი სახეობის მწერი. ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ჯავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები, რომლებიც აქ ძალიან ბევრია) გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხლართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.

No comments:

Post a Comment