რიწის დაცული ტერიტორია

რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა, აფხაზეთში, საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად. რიწის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება იუფშარა. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3,8°C, აგვისტოში — 17.8°C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია. რიწის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს. სწორედ რიწის ტბის გარშემო 1946 წელს დაარსდა რიწის დაცული ტერიტორია რათა დაცული ყოპილიყო რიწის ტბის შემოგარენში მდებარე უნიკალური ბუნება, განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, გაგრიდან 60 კილომეტრში. მისი ფართობია 16 289ჰა. ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა და სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში გვხვდება შქერი, წვავი, ჭყორი, იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყეში ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი. უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი. ნაკრძალები ძალიან დიდი როლს ასრულებენ ბუნების დაცვაში. ნაკრძალები, რომ არ არსებობდეს დამერწმუნეთ ადამიანი ყველაფერს გაანადგურებდა და დღეს ის იშვიათი ჯიშის ცხოველები და მცენარეები აღარ იარსებებდნენ, რომელთა ნახვასაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.

No comments:

Post a Comment